თურქეთში, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩო თურქულ მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა - https://www.aa.com.tr
"არქეოლოგიური გათხრები ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული - თამარ დედოფლის სარკოფაგები" - წერია საელჩოს განცხადებაში.
საელჩო აღნიშნული საკითხის მოკვლევას იწყებს.
გურჯი ხათუნი დედოფალ რუსუდანის ასული იყო, იგი 1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან - ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246).
როგორც ცნობილია, თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში).
სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით, სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო.