ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას შერჩევით მართლმსაჯულებად და პირად შურისძიებად აფასებს „ევროპული საქართველოს " ლიდერი დავით ბაქრაძე.
„ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია, ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის, ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს, "რუსთავი 2"-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას“, - ამბობს დავით ბაქრაძე.
ბაქრაძე მიიჩნევს , რომ ხელისუფლება ბოლო ფაზაში შევიდა. თვლის, რომ პოლიტიკური რეპრესიების დაწყება მხოლოდ და მხოლოდ, „ქართული ოცნების“ დასასრულის მომასწავლებელია.
„ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ვერ შეძლებს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.