ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი  ძალაში დარჩა

08 აგვისტო 2019, 17:20 1549 ნახვა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით დაუშვებლად ცნო მხარეთა საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამანაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს  სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადასტურებულია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
მიღებული დავალების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ე.კ.-ს ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ე.კ.-ს დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გ.ს.-ს ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით  სასტიკად სცემეს იგი და გაიტაცეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. 
მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება“-წერია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი