საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა

08 აგვისტო 2019, 11:54 1602 ნახვა

"გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები"- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხოზორიას საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა.

წერილში ვკითხულობთ, რომ ევროპულმა საამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2018 წლის 8 ნოემბერს დაიწყო და კითხვებით მიმართა რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს.

2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. 

კითხვებზე პასუხის სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციამ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ,  საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. 

"რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არ გადაცემა არღვევს კონვენციის 38-ე მუხლს.

მომჩივნები ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ითხოვენ ევროპულმა სასამართლომ მიუთითოს რუსეთის ფედერაციას კონკრეტულ ზომებზე, რომლის მიღებაც საჭიროა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯისთვის"-ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზედა რამდენად ეკისრება მასპასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.  

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი