მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს - ამის შესახებ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები", - წერს მამუკა ხაზარაძე.
თვის ბოლოს დაგეგმილია პარტნიორთა კრება, რომელიც მათ განცხადებას დააკმაყოფილებს.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons"-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა - „Concorde Capital"-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.
"მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში. თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან“- წერია ანაკლიის განვითრაების კონსორციუმის განცხადებაში.