დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას.
„ნეგატიურ მოლოდინებს ბიზნესსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თავისი საფუძველი აქვს. მთავარი მაინც არის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და მისი ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიებზე. ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა,“ - ამბობს ლექვინაძე.
ვის გულისხმობს ბიზნესომბუდსმენი გარკვეულ ჯგუფებში და ადანაშაულებს თუ არა ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნაში - ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის რაც მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ნეგატიური პროცესის ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად გაღვივებაზე ბიზნეს გარემოს აზიანებს.
„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიცხადე გრძელვადიან პროცესში. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რომ ბიზნეს დავანახოთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მნიშვნელოვანი და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაციის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამის ბიზნეს სუბიექტებთან რათა ნეგატიური მოლოდინების როლი კურსის ფორმირებისას შემცირდეს “ - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.
ლარი დოლართან მიმართებაში ანტირეკორდს ამყარებს. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად ორი ლარი და 99 თეთრი დაგჭირდებათ.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 93 თეთრი ღირს.