“ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი” – განაცხადა პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ თანაპარტიელის დაკავებაზე.
გამარჯვებული საქართველოს" ლიდერებმა ერთობლივი განცხადება ბრიფინგზე გააკეთეს. კემულარია ოქრუაშვილის დაკავების საფუძველს ვერ ხედავს და მის დაკავებას ოქრუაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
"ივანიშვილს ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა. მის დაჭერაზე მსოფლიოს წამყვანი პრესის თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალიან მწვავე რეაქცია იქნება. ჩვენ უკვე ძალიან დიდი პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს, ვიქნებით მობილიზებულები და ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და მოვუწოდებთ მათ, რომ დავდგეთ ერთად.
ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია. თანამშრომლობდა ყველასთან, ის საჯარო ფიგურა იყო, მივიდა სასამართლოში, პასუხობდა ყველაფერს საგამოძიებო პროცესში, ის დღეს ასეთი ფორმით დააკავეს. ეს მხოლოდ გვაძლიერებს, ეს ჩვენს გაერთიანებას გახდის მხოლოდ უფრო მობილურს. ივანიშვილი მალე უნდა დამთავრდეს, ის უკვე ძალიან საშიშია, დაჭრილია, რადგან სისხლში აქვს ხელები'' - განაცხადა კემულარიამ.
ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე საათის წინ აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.