20 ივნისის აქციის საქმეზე ოქრუაშვილის გარდა კიდევ 4 პირი დავაკავეთ - შსს

25 ივლისი 2019, 20:24 1812 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისის აქციის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს. 

'' გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ დაკავებულები არიან:

1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი