ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' ხელმძღვანელი პაატა სალია იქნება, ის ნიკა გვარამიას ჩაანაცვლებს.
ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამიაა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი კი ამბობს, რომ არხიდან მხოლოდ თანამშრომლების სურვილის და მოთხოვნის შემთხვევაში წავა. სხვა სიტუაციაში კი ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზით მას ვერ გაუშვებს.
ნიკა გვარამიას თქმით, კონტრაქტი ბევრ მნიშვნელოვან პუნქტს შეიცავს.
''კონტრაქტი, ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს გათავისუფლების ნაწილში. ეს არის საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირებული და ამ კონტრაქტში წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული, ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. ქიბარ ხალვაშის დამოკიდებულება ამ კონტრაქტთან ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. ქიბარ ხალვაში ჩემი დანიშვნის პერიოდში არ იყო დამფუძნებელი, ვინც იყო იმან გამიფორმა ეს კონტრაქტი, რომელიც ლეგიტიმურია და მისი ბათილობა, მფლობელის შეცვლის გამო ვერ დადგება.
პროკურატურაში ჩემი ტარება, თითქოს მე გადავაჭარბე უფლებამოსილებას და ა.შ. მე ამას განვიხილავ პირდაპირ ჩარევად მედიის დამოუკიდებლობის საკითხში და ჩემი ყველა გარანტიის შეზღუდვად. მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვთქვა უარი ამ გარანტიებზე, ეს არის გამორიცხული.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას იზამს საქართველოს ხელისუფლება, ერთადერთი შემთხვევა, როცა მე უარს ვიტყვი კონტრაქტზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის და ხელისუფლების მოთხოვნით, ეს არის ჟურნალისტების და თანამშრომლების სურვილი. თუ მათ ასეთი დამოკიდებულება ექნებათ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან, ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზით ვერ გაუშვებს.
ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლო სისტემაში. ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. იდავეთ კონტრაქტის გაუქმებაზე ლონდონის არბიტრაჟში, იდავეთ ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია. ეს კონტრაქტი დაიდო იმიტომ, რომ მე არცერთ მფლობელზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი'' - თქვა ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. „მე რა ვადაც მაქვს ამ კონტრაქტით, იმ ვადაში ვაპირებ დასრულებას. ეს არის 2020 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადამდე მე ამ კომპანიამ დამიქირავა დირექტორად, მომცა გარანტიები, მომცა, რადგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უზრუნველვყო''.