ამერკის შეერთებული შტატების საელჩო მიიჩნევს, რომ 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოდან გაშვებისა და მასობრივი ანტისაოკუპაციო აქციის შემდგომ, რუსეთის ნაბიჯები და განცხადებები არაპროპორციული იყო საქართველოსთან მიმართებაში.
განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა გააკეთა. მისი განცხადებით, ამერიკა შეშფოთებით აკვირდებოდა პროცესს, როცა რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოს ანტირუსულ და რუსოფობიურ განწყობებში ადანაშაულებდნენ და სანქციების დაკისრებაზე საუბრობდნენ.
"ამერიკა შეშფოთებით აკვირდებოდა იმ პროცესებს და ზომებს, რომლებზეც საუბრობდნენ დუმის დეპუტატები საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. ეს იყო არაპროპორციული ზომები რუსეთის მხრიდან, მაგრამ შემდგომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა, რომ დასტაბილურდეს ურთიერთობები. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას აღადგინონ ფრენები, რადგან საქართველოში ტურისტები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ" - განაცხადა ჟურნალისტებთან ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
რა მოხდა 20 ივნისს
20 ივნისს, დილის 10 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, მას "საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეა" უნდა წაეყვანა. ამ ფაქტს მოქალაქეებისა და ოპოზიციის აღშფოთება მოყვა. დაიწყო მასობრივი გამოსვლები. გავრილოვმა და რუსულმა დელეგაციამ მალევე დატოვეს საქართველო, კონფერენცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიშალა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს იყო შეცდომა და პროვოკაცია რუსეთის დეპუტატის მხრიდან, რადგან ეს ჟესტი შეთანხმებული არ ყოფილა საქართველოსთან.
დელეგაციის წასვლის შემდეგ, ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვეს. 20 ივნისს ირაკლი კობახიძემ ტელეიმედის ეთერში თქვა, რომ ეს მოთხოვნა არასერიოზულია.
განცხადებას მოქალაქეების მწვავე რეაქცია მოჰყვა. საღამოს 7 საათის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილი, პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა პარლამენტთან. იყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. ღამის 12 საათზე კი, შს მინისტრის ბრძანებით დაიწყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლა. დაშავდა 230 ადამიანზე მეტი, 26 მოქალაქეს ტვალზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან მათ რეზინის ტყვია თვალში ჰქონდათ მოხვედრილი. ორი ახალგაზრდის თვალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მხოლოდ ამის შემდეგ, მეორე დღეს გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მოქალაქეები კი, მას შემდეგ აქციებით #სირცხვილია ითხოვენ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ძალის გადამეტებაში, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართულ დევნასა და დასახიჩრებაში ადანაშაულებენ.
გახარია აცხადებს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციური იყო, ის იცავდა სახელმწიფოს გადატრიალებისაგან და არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. პასუხსიმგებლობას კი ოპოზიციას აკისრებს.
მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთი, აკრძალა ფრენები და დააწესა ტურისტული ემბარგო. მოგვიანებით გეგმავდნენ ღვინისა და ბორჯომის აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეჩერებას საქართველოში.