გახსოვთ რატომ ზის ციხეში ვანო მერაბიშვილი? - ჟურნალისტის კითხვა გიორგი გახარიას

11 ივლისი 2019, 22:30 4405 ნახვა

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის გადადგომას აქცია #სირცხვილიას მონაწილეები 20 ივნისის შემდეგ ითხოვენ, გადაცემა “რეაქციაში” განმარტებებს აკეთებდა.

მინისტრმა განაცხადა, რომ თვითონ  გასცა აქციის დარბევის ბრძანება, ამტკიცებს რომ სამართალდამცველებმა 4 ჯერ გააფრთიხლეს აქციის მონაწილეები სპეციალური ხმოვანის მეშვეობით.  თქვა, რომ 20 ივნისს ის სახელმწიფოს გადატრიალებისგან იცავდა და ტყვიები, რომელიც გამოიყენეს  არ იყო კანონით აკრძალული.

"გახსოვთ რატომ ზის ციხეში ვანო მერაბიშვილი?.. მიტინგის დარბევის დროს, როცა მაშინდელი ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამდა, ხელისუფლების პასუხი იყო, რომ დაიცვეს სახელმწიფო. ფიქრობთ, რომ ამ მიტინგის დარბევის გამო აღმოჩნდეთ მერაბიშვილის ადგილზე?" — ჰკითხა ჟურნალისტმა მინისტრს.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ 26 მაისის შედარება 20 ივნისთან არარელევანტურია. 

“26 მაისი იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი. აქ ჩვენ საქმე გვაქვს, როდესაც პირდაპირ ეთერში ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ხედავდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს ატარებთ 26 მაისთან. სწორედ ამაშია სხვაობა. ეს იყო მოგერიების ღონისძიება შტურმის სახელმწიფოს ინსტიტუტის, მოქალაქეების, პოლიციელების სიცოცხლის დასაცავად" - განაცხადა მინისტრმა. 

გიორგი გახარია ფიქრობს, რომ მისი შეცდომა შეიძლება ის იყოს, რომ ასეთ სიტუაციამდე მიიყვანა ვითარება. ამბობს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება უფრო ადრე შეიძლებოდა, ვიდრე სიტუაცია გამწვავდებოდა. 

"როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის. ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წინ უკვე ფარებით გადმოგვეწია. თავიდან იქ ჩვეულებრივი პოლიცია იდგა. ამის შემდეგ გაიცა ბრძანება, არანაირი სპეციალური საშუალებები არ გამოეყენებინათ. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორი საათი. მე უკვე იქ ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა და გახდა ძალადობრივი, მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციიდან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და მასაში 30 პოლიციელი, შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე, მაგრამ აგიხსნით, რატომ – 19:00-დან 22:00 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი,შემდეგ დაიწყო შტურმი, ერთხელ გაარღვიეს, შემდეგ შეიცვალა პატრული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებით, რომლებიც იყვნენ ფარებით აღჭურვილიდა ამ დროიდან დაახლოებით ორსაათნახევარი, სანამ მათ შეძლეს გაემაგრებინათ ეს პოზიცია და იძულებული არ გახდნენ, რადგან გაჩნდა არა მხოლოდ პოლიციელების, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების სიცოცხლის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი. სპეციალური საჭიროების გამოყენების ბრძანება შეიძლება მანამდე უნდა გაცემულიყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ისაუბრა ნარინჯისფერ ტყვიებზეც და თქვა, რომ ამ ტყვიებით დამიზნება შეუძლებელია და ვინც ამას ამბობს იტყუება.

"ყველა ის პროფესიონალი, რომელსაც საერთოდ თემა ესმის, იტყვის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ თვალში დამიზნებით ესროდნენ, არის სრული აბსურდი და სიცრუე. ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც იგონებდნენ", — აღნიშნა მინისტრმა.

შემდეგ კი თქვა, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა დაზარალებულზე, რომელიც დაშავდა ამ დღეს, მათ შორის მაკო გომურზეც, რომლმაც ერთი თვალი 20 ივნისს დაკარგა. 

„ერთმნიშვნელოვნად და ყოველთვის, დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს. აქცია არ იყო მშვიდობიანი. ახლა თქვენ ცდილობთ, მელაპარაკოთ მშვიდობიანი აქციის სტანდარტებით, როცა მართალი ხართ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შტურმზე, უკვე მართალი აღარ ხართ. მიუხედავად ამისა გეთანხმებით, რომ გავიდა 22 დღე, დღეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში გვყავს ორი, რომლებსაც ვმკურნალობთ, ვუმკურნალებთ. მერწმუნეთ, რომ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი აქამდე იმიტომ ვიკავებდით და ცოტა შეზღუდული ვიყავით, რომ გვქონდა პოზიტიური ვალდებულება, ამ ხალხზე გვეზრუნა, ვიზრუნებთ ბოლომდე, მათ შორის, მაკო გომურზე და სხვებზეც. არ აქვს მნიშვნელობა, რა შეფასება ექნებათ მათ. ყველა ჟურნალისტზე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ. ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის აღარ მივცემთ საშუალებას, მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. შეუძლებელია, სხვანაირად ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ის არ წავა თანამდებობიდან, რადგან ეს  პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნება. 

აქცია სახელწოდებით #სირცხვილია - ახალგზარდების აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს.  აქცია საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტს და სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან კონფერენციის წაყვანის ფაქტს მოჰყვა.  ანტისაოკუპაციო აქცია, ღამით  ძალისმიერი მეთოდით დაშალა პოლიციამ. დარბევის დროს,  230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 26 აქტივისტს  დაუზიანდა თვალი და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, აქედან 2-მა ახალგაზრდამ  დაკარგა თვალი. ორი ადამიანი 11 დღის განმავლობაში  სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. 

აქციაზე რეზინის ტყვიებით დაზიანდნენ ჟურნალისტებიც.   მოქალაქეები სპეცრაზმელებს ძალის გადამეტებაში და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიზანმიმართულ დაზიანებების მიყენებაში  ადანაშაულებენ,  მომხდარზე პასუხისმგებლობას კი  შს მინისტრს აკისრებენ.  გიორგი გახარია თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი