"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტები სცემეს და კარვები დაუშალეს. პარტიის ერთ-ერთი წევრი რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ადგილზე ოზურგეთისა და ბათუმის "ქართული ოცნების" აქტივისტები მანქანებით მივარდნენ და სთხოვდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირება მისივე ინფორმაციით, პოლიციამ აღკვეთა.
" "ოცნების" აქტივისტები მოვარდნენ და კარვები დაურბიეს მოშიმშილეებს, კადრებიც არის ამისი. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივარდნილან. ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა ბრძენი და კარგი ადამიანია და უნდა დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია. მალევე დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, დაანგრიეს კარვები და დახიეს პლაკატები. პოლიცია იქ იყო, თუმცა მას შემდეგ ჩაერია, რაც უკვე დარბეული იყო კარვები" - უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" რეზო ხარაზმა.
ცემის ფაქტზე თავად მოშიმშილეები ფეისბუქლაივის დროს ყვებიან: ''ხალხი სამარშრუტო ტაქსებით ყავთ მოყვანილი. გვაგინებდნენ და გვლანძღავდნენ. მოშიმშილეებს ცუდად გვექცეოდნენ,'' - ყვება მინდია ადაძე.
კიდევ ერთი მოშიმშილე კი ამბობს, რომ ინციდენტს წინ შელაპარაკება არ უძღოდა. ''დღეს მოგვივარდნენ ზონდერ ჯგუფები და ჩვენი კარგები მიწასთან გაასწორეს და დაგვარბიეს. პოლიცია აქ იდგა და არაფერს აკეთებდა. მათ მისცეს აქტივისტებს საშუალება, რომ კარვები დაეშალათ. პოლიცია უბრალოდ შუაში იდგა, რომ არაფერი მომხდარიყო და მისცეს საშუალება ადგილიდან ბანერებიც გაეტანათ'' - თქვა ფეისბუქ ლაივის დროს მოშიმშილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას აზუსტებენ, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტრიაზე დახლოებით 10 დღის წინ, მოქალაქეებმა კარვები გაშალეს. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.