მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

09 ივლისი 2019, 11:34 2260 ნახვა

ბიზნესმენი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ განცხადებას ის Facebook-ზე ავრცელებს.

„სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“-წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მამუკა ხაზარაძე.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებისკენ  ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა უბიძგა. განცხადებაში წერია, რომ "სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.

თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.“

ხაზარაძე წერს, რომ მოძრაობის მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. მისივე განმარტებით, ორგანიზაცია სექტემბერში  დაფუძნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში