ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
ციხიდან გამოსვლის ფოტოებს პირველი არხი ავრცელებს.
მირზა სუბელიანს პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა. სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.