''გუშინ, გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით'' - ეს სტატუსი ფეისბუქის გვერდზე მორაგბე რეზი ბროძელმა დაწერა.
ორი დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოლიდარობის ჟესტის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ ორ ქართველ სპორტსმენს კლუბი დაატოვებინა და ისინი საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ.
მორაგბეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ, ლელოს დადების შემდეგ, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დაზარალებულების მხარდაჭერის ნიშნად, ცალ თვალზე ხელი აიფარეს.
დღეს, 4 ივლისს, კი სოციალურ ქსელში მორაგბემ დაწერა, რომ მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას.
''მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.
ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტრრსებისთვის და გვერდში დგომისთვის!'' - წერია სტატუსში.