ბათუმის ისტორიულ ზონაში, ევროპის მოედანთან, დუმბაძის 12-14 ნომერში, 2017 წელს, ინვესტორმა იტალიური ეზოდან მცხოვრებლების გაასახლა, ეზოში კი ერთი და ორსართულიანი სახლები დაანგრია. მის ნაცვლად 8 სართულიანი სახლის აგებას გეგმავდა, შეთანხმებასაც მიაღწია და ზონალური საბჭოსა და მერიის თანხმობაც ჰქონდა, თუმცა მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა. ტერიტორიაზე კაფეც გაიხსნა.
ისტორიულ ზონაში, 8 სართულიანი სახლის მშენებლობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გვერდით უნდა აიგოს, გააპროტესტა საზოგადოება "ბათომმა" და მოქალაქეების ნაწილმა. ცხარე დისკუსიების შემდეგ, არაოფიციალურად ითქვა, რომ მშენებლობა შეჩერებული იყო და ის მართლაც არ განახლებულა.
ორი წლის შემდეგ, ინვესტორმა 8 სართულიანი შენობის აგება, როგორც პროექტის არქიტექტორი ამბობს გადაიფიქრა და თავად შესთავაზა ზონალურ საბჭოს 5 სართულიანი სახლის აშენება.
საკითხზე დღეს ზონალური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ახალი პროექტის პრეზენტაციაზე პროექტის არქიტექტორმა თქვა, რომ ინვესტორი დათმობაზე წავიდა. გია გაბაშვილი ამბობს, რომ საპროექტო დოკუმენტაცია განხილული და შეთანხმებული იყო, თუმცა საკითხზე კონსულტაციები ქალაქის ხელმძღვანელობასთან გაიარეს.
''შეთანხმდა რვა სართულზე მშენებლობა, მაგრამ მერე, ეს პროექტი ამ კომპანიამ სხვა ფირმას დაუთმო. მერე, რომ განვიხილეთ პროექტი შიდა გეგმარება იყო არასრულყოფილი. რვა სართული იმ ტერიტორიისთვის იყო მაღალი. ქალაქის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შედეგად, სამი სართულით დაიკლო შენობამ. სამი სართული დათმო ინვესტორმა და გახდა 5 სართულიანი. თან იყო ბარაკების პროგრამაში, იქედან გამოვიდა ეს მასშტაბი, იმიტომ რომ შენობა არარენტაბელურია ბანკისთვის. მე მოგიყევით ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. იგივე გაბარიტებში ჩამოვაყალიბებთ 5 სართულიან შენობას. არქიტექტურულად მივეცი ამ მოედნის თანაზომადი სახე, ავიღე ბათუმში ცნობილი მოდერნის შენობების ელემენტები და იმ ელემენტებით გავამდიდრე ფასადი. იქ არ შეიძლებოდა რვა, იმ განაშენიანებაში'' - ამბობს გია გაბაშვილი.
დუმბაძის ქუჩაზე ისტორიული დაცვის ზონაში შედის, რომლის დამტკიცებას უკვე მესამე წელია ითხოვს საზოგადოება "ბათომი" და მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფი. ზონის დამტკიცება ბათუმის მერმა ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში დააანონსა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ზონა დამტკიცდება, ნებისმიერი მშენებლობა ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზონაში გათვალისწინებული სამშენებლო რეგულაციების საფუძველზე დაიგეგმება.
შეითანხმებს თუ არა საბჭო ამ პროექტს და აიგება თუ არა კორპუსი ევროპის მოედანზე, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.