რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კრემლი საქართველოსთან ვიზების გაუქმების საკითხს გადადებს.
გრიგორი კარასინის განმარტებით, ვიზების გაუქმების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა რუსული მხარე შესაბამის დროს დაელოდება.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ გონზე მოიყვანა ისინი, ვისაც ცინიკურად სურს პოლიტიკურ თამაშებში ქულების დაგროვება ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე.
ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაპატიჟოს საქართველოდან ის, ვისაც საჭიროდ თვლის. რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, ჩვენ მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით – ვიზების გაუქმებამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ინტერვიუს რუსული სააგენტო „კომერსანტი“ ავრცელებს.
გრიგოლი კარასინი იმავე ინტერვიუში ამბობს, რომ რუსების მიმართ უხეშობას და მუქარას ისინი არ გადაყლაპავენ.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება.