ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

01 ივლისი 2019, 08:50 2052 ნახვა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.  აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.  საქართველოს მასშტაბით სულ 23 საგამოცდო ცენტრია.

ბათუმის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში, ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მანუჩარ ლორიას თქმით,  აბიტურიენტებს ქართულ ენისა და ლიტერატურაში დავალებების შესასრულებლად 3 საათი და 45 წთ აქვთ.

''მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ცვლილება, პირველად ჩვენს რეგიონში ბათუმის საგამოცდო ცენტრი ორ ნაწილად გაიყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში არის განთავსებული მეორე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის შენობაში. 

ბსუ- ში საგამოცდო ცენტრში დღეს, 724 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო გამოცდაზე თუმცა, 684 აბიტურიენტი მოვიდა. 

დაგვიანების ფაქტი ჩვენს საგამოცდო ცენტრში არ დაფიქსირებულა''. - განაცხადა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა მანუჩარ ლორიამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

 ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი