საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი მხარდასაჭერი აქციები საჭირო არ არის. კონტრაქციის შესახებ კი პირველად გაიგო.
მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, რომ მსგავსი აქციები მხოლოდ ხელისშემშლელია, მოტივს მნიშვნელობა არ აქვს.
''მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს მინდა, ადამიანური მადლობა ვუთხრა, ასევე მინდა, ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ გვიშლის ხელს, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს. მინდა, გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, მსგავსი აქციები არ არის საჭირო'', - განაცხადა გახარიამ.
დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართებოდა.
მოგვიანებით კი ''ქართულმა ოცნებამ'' განცხადება გაავრცელა.
მმართველი ძალა მხარდამჭერებს მოუწოდებს, კონტრაქციის გამართვისგან თავი შეიკავონ.
„პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.
განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები.
არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან “, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.