„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მმართველობის ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტი ჩაიწერა - აქციის რეზინის ტყვიებით დაშლის შემდეგ, ახლა უკვე მმართველი გუნდის წევრების სახელს კოლეგა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებაც უკავშირდება - 91 ხმით „ოცნებამ“ პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავების უფლება მისცა. მელიას საგამოძიებო უწყება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. მიუხედავად მტკიცებულებების ირგვლივ არსებული არაერთი კითხვისა, გუნდმა მწვანე გენერალურ პროკურატურას მაინც აუნთო.
პროკურორები მოტივაციის გამყარებას რამდენიმე გარემოებით ცდილობდნენ, მათ შორის იყო შესაძლო მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლა - ამას ოპოზიცია არ იზიარებს - კენჭისყრა, ხმაურიანი განხილვის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის ფონზე შედგა - მელიას სავარაუდოდ ხვალ დააკავებენ, მანამდე კი დადგენილება სასამართლოში შევა.