მხოლოდ პრორუსული ძალებისთვის ხომ არ იქნება ნულოვანი ბარიერი? სხვებიც შევლენ - თინა ხიდაშელი

24 ივნისი 2019, 14:43 1759 ნახვა

"ქართული ოცნების"  გადაწყვეტილებით,  2020 წელის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები აღარ აირჩევენ მაჟორიტარ დეპუტატებს. 150 დეპუტატი პროპორციული სისტემით დაკომპლექტდება, პარტიებს ხელოვნური ბარიერი გაუუქმდებათ და იგი  ნულოვანი გახდება.  

პროპორციული არჩევნებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები დიდი ხანია ითხოვენ, თბილისში მიმდინარე აქციაზე კი, ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

საზოგადოების ნაწილში, ნულოვანი ბარიერი კრიტიკის ობიექტი გახდა, მთავარ საფრთხედ კი რუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური პარტიები სახელდებიან, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში გადასალახი ბარიერი აღარ ექნებათ.

"ნულოვანი ბარიერს, ისე გაიგეს, თითქოს საერთოდ არ იქნება და ვისაც მოუნდება, პარლამენტში ყველა შევა. ეს ამას არ ნიშნავს, რომ ყველა მოხვდება პარლამენტში. ბუნებრივი ბარიერი შეიქმნება, მაგალითად იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე და როგორ გადანაწილდება ხმები 150 მანდატზე" - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თინა ხიდაშელმა. 

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუ არის საფრთხე შევიდეს პარლამენტში პრორუსული ძალები, პარალელურად ჩნდება შანსი შევიდეს პარლამენტში ისეთ ძალები, რომლებიც პროგრესულები არიან. 

"ბევრმა დაწერა დღეს ფეისბუქზე, რომ პრორუსული პარტიები შეიქმნება და მოხვდებიან პარლამენტშიო, აიტაცეს ეს იდეა. უნდა ვუპასუხო მათ, რომ არა ბარიერი, პარლამენტში დღეს იქნებოდნენ რესპუბლიკელები და დემოკრატები. ანუ ასე არ არის, მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა დავინახოთ, რომელიც ჩვენს პოზიციას ამყარებს" - მიიჩნევს ხიდაშელი. 

ამბობს, რომ წლებია ითხოვდნენ ამ სისტემას და დღეს პირდაპირ ჰოლანდიაში მოხვდნენ. მთავარ მიღწევად კი ის მიაჩნია, რომ გაჩნდა ქვეყანაში შანსი, დასრულდეს ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკაში.  

"მთავარია ის ფაქტი, რომ ორპულუსიანობა დასრულდება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორეც, პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც არის საზოგადოება. დიდი ხანია საზოგადოების ნაწილი ითხოვს პროპორციულ სისტემას და აღმოჩნდა, რომ შინაგანად წინააღმდეგი ყოფილან ისე, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. არგუმენტები, რომ ჭრელი იქნება პარლამენტი და ა.შ. ფუნდამენტურად გამორიცხავს იმას, რაც გვინდოდა. 

თუ გვინდა პარლამენტი ასახავდეს ხალხის განწყობას, უნდა იყოს განწყობების ადეკვატური, თუ აღმოჩნდა რომ საზოგადოების განწყობები ისეთია, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაშინ რა ვქნათ? გამოვიდეთ ქუჩაში. არ მესმის მე ეს ლოგიკა, თუ გინდა პროპორციული არჩევნები" - ამბობს ხიდაშელი. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში