ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტში ისაუბროს კონსტიტუციაში არსებულ ღირებულებებზე - სტუდენტების პეტიცია 

21 ივნისი 2019, 16:57 3091 ნახვა

სტუდენტები ირაკლი კობახიძის უნივერსიტეტიდან წასვლასაც ითხოვენ. დღეს, 21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწილმა პეტიცია გაავრცელა. 

,,ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს - ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.

ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს. გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,  ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. 

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:

1. არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;

2. არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად, " - ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

პეტიციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს და არ წარმოადგენს ფაკულტეტის შეხედულებებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში