მის სკამზე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დანახვა, არც ირაკლი კობახიძეს მოეწონა

20 ივნისი 2019, 14:42 1828 ნახვა

ირაკლი კობახიძე, რომელიც ბაქოში იმყოფება ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში  ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დანახვა ძალიან მძიმე იყო. 

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20  პროცენტი  და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე,  რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა,  რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის  ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში