"რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს, რეაგირება მკაცრი იქნება - ნათია მეზვრიშვილი 

17 ივნისი 2019, 11:46 2403 ნახვა

"რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი", — უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამართალდამცველების კორდონებს ვერავინ დაარღვევს და პოლიციელებზე ვერ იძალადებს. 

„როგორც წესი, შსს-ს დარღვევებზე აქვს ხოლმე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რამე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება ისჯება კანონით. მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ უკვე მოახდინა რეაგირება – დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, შეფასდება კონკრეტული პირისა და პირების ქმედებები, ამას მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება. გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება. ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გუშინ, 16 ივნისს ლევან ვასაძემ "ნამდვილი კაცების" აქციაზე მხარდამჭერებს ძალადობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ბიზნესმენმა თქვა, რომ ლგბტ თემის არანაირ აქტივობას არ დაუშვებენ და ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

დღეს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში