პოლიციამ თაღლითები დააკავა, რომლებიც მოქალაქეებს ფულს ონლაინ პარავდნენ​

06 ივნისი 2019, 11:11 3001 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, რომლებიც „საქართველოს ბანკისა“ და „TBC ბანკის“ ვიზუალურად მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით, თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ.

პოლიციამ თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის აიყვანა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აპლიკაციის დახმარებით მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს ეუფლებოდნენ, შემდეგ კი საბანკო ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ. თანხას კი ბანკსა და ინტერნეტ-ტოტალიზატორებში, წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ. 

დაკავებულებმა საერთო ჯამში 200 000 ლარი მიითვისეს. 

''აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებ-გვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვა და სხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

დაკავებულებს ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა ედებათ.

ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში