17 000 ლარი ჭიქების, ლამბაქების, სამაჯურებისა და მარაოების ​შესაძენად 

05 ივნისი 2019, 11:37 2139 ნახვა

17 000 ლარი ბრენდირებული ჭიქების, ჭიქის დასადებების, ლამბაქების, სამაჯურებისა და მარაოების შესაძენად. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მზადაა აღნიშნული თანხა, იმ მომწოდებელს გადაუხადოს, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

დეპარტამენტმა აქსესუარების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

უწყებაში ამბობენ, რომ ტენდერით გათვალისწინებული ბრენდირებული და სარეკლამო მასალების შეძენა, რეგიონის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. მათივე თქმით, სარეკლამო მასალები საერთაშორისო  გამოფენებზე გააქვთ და პოტენციურ ტურისტებს ურიგებენ.

''აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას სხვადასხვა საპრომოციო-სარეკლამო მასალებით ეწევა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. წლის განმავლობაში 27 მსგავს ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. სარეკლამო-საპრომოციო მასალების გარდა, პოტენციურ ტურისტებს გამოფენებზე ასევე ხვდებათ ტურისტული პროდუქტების, მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაოებების ამსახველი ბუკლეტები, რუკები და გზამკვლევები,''- ამბობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში