საკადრო საკითხებზე კონსულტაციებს თორნიკე რიჟვაძესთან გავივლი - აჭარის განათლების მინისტრი

03 ივნისი 2019, 13:10 3691 ნახვა

აჭარის განათლების ახალი მინისტრი ამბობს, რომ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გუნდთან და თორნიკე რიჟვაძესთან გაივლის.

''ამ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით'' - თქვა მაია ხაჯიშვილმა, ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ. მედია უწყებაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებებით დაინტერესდა. 

განათლების უწყების ახალი ხელმძღვანელი პროგრამების გადახედვას, ძალების მობილიზებას და სამინისტროს გუნდთან ერთად ეფექტურ მუშაობას გეგმავს. ამბობს, რომ მის ცოდნას და კვალიფიკაციას ამ მიმართულებას მოახმარს. 

''განათლება არის ეროვნული იდეა, ეს არის გაცხადებული პოლიტიკური მესიჯი. შესაბამისად, ეს  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უდიდესი გამოწვევაა. დამჭირდება ძალების მთლიანი მობილიზება იმისათვის, რომ ღირსეულად ავუბათ ფეხი რეგიონში, სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ეფექტურები ვიყოთ. მზად ვარ მთელი ჩემი გამოცდილება, კვალიფიკაცია, იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროშია მოვახმარო ამ მიმართულებას. გავამართლო იმედები, რომელიც გუნდმა გამომიცხადა. 

არის პროგრამები, რომელიც შეიძლება გადაიხედოს. თანამედროვე მოთხოვნებისადმი ადაპტირება იქნება აუცილებელი. ამ კუთხით, აქვე ვაცხადებ აბსოლუტურ ღიაობას. საზოგადოების ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოსაზრებას ფლობს, მათთან ვიყო ღია და გახსნილი. გვსურს გვქონდეს ხარისხიანი პროგრამები. ჩვენი ახალგაზრდების, მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის და  ახალგაზრდული პროექტების მხარდასაჭერად'' - უთხრა ჟურნალისტებს მაია ხაჯიშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების ახალი მინისტრი დღეს, 3 ივნისს წარადგინა. 

განათლების მინისტრის პოზიცია ვაკანტური 26 მაისს გახდა. მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქში ''რუსული დროშების ფრიალის'' გამო, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა. 

მინისტრის მოვალეობას დროებით ბაგრატ მანველიძე ასრულებდა, რომელიც სამართალდამცველებმა 30 მაისს დააკავეს. მას გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. 

თორნიკე რიჟვაძემ მოგვიანებით განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ალექსანდრე დავითაძე დანიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში