“ქართული ოცნების” დეპუტატებმა კი არა, პირადად ბიძინა ივანიშვილმა არ დაუჭირა მხარი ინიციატივას, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის ჩაგდებას.
მალხაზ მაჩალიკაშვილი უახლოეს პერიოდში საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
“ევროპულ საქართველოს" და „ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერისთვის და ინიციატივისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ საკითხი ივანიშვილმა დაბლოკა იმის გამო, რომ შეეშინდა სიმართლე არ გამჟღავნებულიყო, რაღაც ინფორმაციას არ გაეჟონა.
თუ გაიშიფრა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას თავზე დაემხობა ეს მთავრობა.
საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნა ეს მარტივად ასახსნელია - ამით ხელისუფლებამ მოსახლეობას უთხრა, რომ ჩვენ გვეშინია ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის.
ჩემი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ იტყვის ეს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი - დიახ, მე დავაშავე შენს წინააღმდეგ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე მხოლოდ 30 დეპუტატი აღმოჩნდა, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები, “ქართული ოცნების” წევრებიდან ინიციატივის მხარდამჭერი არც ერთი აღმოჩნდა. მმართველი გუნდის 3 დეპუტატი ამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო.
კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობა” იყო.