საკონსტიტუციო სასამართლოში „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებითად განხილვა დაიწყო. დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც მიუთითებს, რომ მან პოლიტიკური შინაარსის მქონე პროტესტის გამოხატვისას გამოიყენა უხამსი სიტყვები. ორმა ინსტანციამ კი ის ამის გამო დააჯარიმა.
პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ გამოყენებულ უცენზურო სიტყვას არ გააჩნდა პოლიტიკური ღირებულება და მან უხეშად დაარღვია საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ როდესაც მსგავსი ტიპის გამონათქვამებს გააჩნია სახელოვნებო ღირებულება ან გულისხმობს მეტაფორულ შედარებებს, ეს კანონდარღვევა არ უნდა იყოს. სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ მას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა.