აჭარაში 130-ზე მეტმა პედაგოგმა გამოცდაზე უარი თქვა და პენსიაში გასვლა გადაწყვიტა

23 მაისი 2019, 16:18 3540 ნახვა

13 მაისს, განათლების მინისტრმა საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაში გაყვანის სქემა შესთავაზა. მიხეილ ბატიაშვილმა მათ, სასწავლებლის დატოვების სანაცვლოდ ორი წლის ხელფასი, ჯილდოს სახით შესთავაზა. მასწავლებლებს გადაწყვეტილების მისაღებად  ვადა წლის ბოლომდე მისცა.

11 დღეში, აჭარაში დაახლოებით 130 პედაგოგმა უკვე მოიფიქრა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდას არ ჩააბარებს და პედაგოგიურ საქმიანობას შეაჩერებს.  ნაწილმა რეგისტრაცია გაიარა და ჯერ გამოცდაზე გასვლას გეგმავს.

რაც შეეხება ბათუმს, ქალაქში საპენსიო ასაკის 288 პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. 40-მა უკვე გადაწყვიტა, რომ შემოთავაზებას დათანხმდება და ორი წლის ხელფასს აიღებს. სურვილის დასაფიქსირებლად უკვე რესურსცენტრს მიმართა. რესურსცენტრში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. პედაგოგებს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ჯერ კიდევ აქვთ. 

22 მაისის მონაცემებით ხელვაჩაურში, სასწავლო დაწესებულების დატოვების მოთხოვნას, საპენსიო ასაკის მხოლოდ 8 პედაგოგი დათანხმდა.

ამ ეტაპზე, ქედის საჯარო სკოლის 42 პენსიონერმა პედაგოგმა მზაობა დააფიქსირა, მასწავლებლის სტატუსს შეელიოს.

შუახევში საპენსიო ასაკის 147 პედაგოგი ასწავლის. აქედან 138 პრაქტიკოსია, ანუ ახალი ინიციატივის ფარგლებში, მათ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. დანარჩენი კი სტატუსიანი მასწავლებლები არიან. 36-მა პენსიონერმა პედაგოგმა უკვე თქვა, რომ სკოლიდან მიდის.

საპენსიო ასაკის ყველაზე მეტი პედაგოგი სკოლებს ხულოში ტოვებს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 82 მასწავლებელმა სურვილი უკვე გამოთქვა, დანარჩენებს კი გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდებათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, ცხელ ხაზზე 500-ზე მეტი პრაქტიკოსი პენსიონერის ზარი შევიდა. ისინი უარს ამბობენ კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებში მონაწილეობაზე და სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ 2 წლის კომპენსაციას მოითხოვენ.

საქართველოს განათლების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით, 3000 მეტმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა სურვილი სასერთიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს. 

საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაში გაყვანის სქემა განათლების სამინისტრომ ორი კვირის წინ დააანონსა. ექსპერტები გადაწყვეტილებას დროულს უწოდებენ, სკოლებში კი ამბობენ, რომ კადრების დეფიციტი შეიქმნება, განსაკუთრებით კი რეგიონებში.  

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი