გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, ბრძოლა გრძელდება. სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' კანდიდატის გამარჯვებას არ აღიარებს და საბოლოო შედეგებს ელოდება. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი თანახმაა.
''ფოიერვერკების და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ მათ გამარჯვებას და არჩევნებს არ ვაღიარებთ. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, რომელიც ზუგდიდში მაღალ დონეზე ჩაატარეს. ისინი ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა, რომ გააგრძლებენ ტერორს და ჯიბეების გასქელებას. ყველაფერ იმას, რაც ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია. როგორც ჩანს მოსახლეობის თითქმის ნახევარმა დაგვიჭირა მხარი, რაც დიდი ძალაა. ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ეს ჩვენი ლოზუნგია. ივანიშვილის მმართველობა კრიმინალური და არაადამიანურია, ეს უფსკრულთან მიგვიყვანს. ეს ქვეყნის ნგრევაა. ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა, უფრო ლამაზი და სამართლიანი საქართველო. ჩვენი ბრძოლა გრძელდება'' - თქვა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას. მან საარჩევნო შტაბთან შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა.
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ბრძოლა ზუგდიდში და ზუგდიდის გარეთაც გაგრძელდება.
''მე ამ ხალხთან ერთად გავხდი ბრძოლისუნარიანი. გახსოვთ, როგორი მშვიდი ვიყავი, მაგრამ როცა ადამიანს დასცინიან და ამცირებენ, ამას ვერ შევეგუები''.