5 პირი დაკავებულია, სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება დაიწყო - შსს 

19 მაისი 2019, 15:23 1730 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტების დიდი ნაწილი, ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რამდენიმე პირი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. 

ნათია მეზვრიშვილი არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ პროვოკაციები და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები მაინც დაფიქსირდა. 

''მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ისე დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში,'' -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი