ხულოს უბნებზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები არ იქნებიან 

15 მაისი 2019, 18:48 2284 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 მაისს, ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებზე, რამდენიმე  ატორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, უბნებზე დამკვირვებლები არ ეყოლებათ. მათ შორისა ''სამართლიანი არჩევნები'', საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია'' და გამჭვირვალობა საქართველო''.

წარმომადგენლები მხოლოდ ოლქში იქნებიან ან კენჭისყრის პროცესს, მობილური ჯგუფების საშუალებით დააკვირდებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ''სამართლიანი არჩევნების'' აჭარა-გურიის კოორდინატორს დაუკავშირდა. მადონა ბერიძე აღნიშნული გადაწყვეტილების  რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთი ფინანსებია. ასევე ამბობს, რომ 19 მაისს, რიგგარეშე არჩევნების დღეს, ეპიცენტრი ზუგდიდი და მარნეული იქნება, დამკვირვებლების დიდი ნაკადი სწორედ იქ იმუშავებს. 

რაც შეეხება ხულოს, მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი მობილური ჯგუფი იქნება. გასულ წლებში კი საარჩევნო უბნების 30% ათვისებული ჰქონდათ და ძირითად ნაწილში დამკვირვებლები ჰყავდათ. 

''ჩვენ ვაკვირდებით მობილური ჯგუფის მეშვეობით, უბნებზე დამკვირვებლები არ გვეყოლება. ადრე გვყავდა უბნის დამკვირვებელს დამატებული ერთი მობილური ჯგუფი. ისინი დღის განმავლობაში მოძრაობდნენ და პროცესს სხვადსხვა უბანზე აკვირდებოდნენ. დამკვირვებლების თემა, გარკვეულწილად მაინც ფინანსებზეა  დამოკიდებული და ასევე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არჩევნების ეპიცენტრზეც. ამ შემთხვევაში პრიორიტეტული ზუგდიდი და მარნეულია,'' - ამბობს მადონა ბერიძე. 

კანონის თანახმად, ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქს აკვირდება, რეგისტრაციაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ატარებს.

ხულოს ოლქის თავმჯდომარემ, აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ ოლქში დარეგისტრირების სურვილი ორგანიზაციებს არ გამოუთქვამთ. ვადა კი რამდენიმე დღის წინ ამოიწურა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში