"რეპრესიული ნარკოპოლიტიკა" - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედებას სთხოვენ

14 მაისი 2019, 15:44 2743 ნახვა

13 არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.

განცხადება მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გაავრცელეს. ამბობენ, რომ ერთ წელზე მეტია, პარლამენტში შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა, რომელიც მესამე სექტორმა შეიტანა.  

"ნარკოპოლიტიკის სფეროში სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამ მიზნით, საჭიროა, პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, შექმნას სამუშაო ჯგუფი და გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად" - წერია განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება.

მესამე სექტორი, 2018 წლის სტატისტიკა მოაქვს იმის დასტურად, რომ არასწორი პოლიტიკის გამო, ბევრი მოქალაქე არაპროპორციულად დიდ სასჯელს იხდის.

"დღემდე, მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება. ხელისუფლება კი, თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე.

ამ პირობებში კი, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება - მხოლოდ 2018 წელს:

  •  სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3650 პირის მიმართ;
  • ამავე პერიოდში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2825 პირის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში, მიმართ ავტომატურად გამოყენებულია უფლებების ჩამორთმევის უსამართლო მექანიზმი;
  • ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 2018 წელს, შეფარდებული აქვს 633 ადამიანს;
  • ამჟამად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი;
  • 2018 წლის ბოლო ექვს თვეში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმაჯულების მოთხოვნით. 

ნარკოპოლიტიკის სფეროში სახელწიფოს დამუშავებული არ აქვს დეტალური, აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები, რაც ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ არსებული რეალური სურათის აღქმას ართულებს. ამდენად, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამუშაო ჯგუფის წევრთა ჩართულობით, აუცილებელია დამუშავდეს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა მონაცემები, მათ შორის, ციხის პოპულაცია, დანაშაულთა სპეციფიკის, ნარკოტიკის სახეობისა და ოდენობის, გამოყენებული სასჯელების შესახებ ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემები" - წერია მიმართვაში. 

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, თბილისში აქციები, 2018 წლის მაისში დაიწყო. საპროტესტო ტალღა, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს მოჰყვა. კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმის შესვლა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა, ძალის დემონსტრირებად მიიჩნია და გააპროტესტა

მოგვიანებით პოლიციამ განმარტა, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ, რომელიც მათი ინფორმაციით, მომაკვდინებელი იყო. სპეცოპერაციამდე, თბილსიში, რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე უხარისხო ნარკოტიკულ საშუალებებს ემსხვერპლა.  შსს-ს არც ერთი ნარკორეალიზატორი კლუბში არ აუყვანია. 

საპროტესტო აქციამ მალე სხვა დატვირთვა მიიღო და ახალგაზრდებმა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. ამბობდნენ, რომ საქართველოში მომხმარებლებიც და ნარკორეალიზატორიც ერთიანად მკაცრად ისჯებიან, რაც არასამართლიანი და დისკრიმინაციულია. ''ნარკომომხმარებელი არ შეიძლება იყოს კრიმინალი, დანაშაული ნარკოტიკის რეალიზაციაა'' - აცხადებდნენ აქციების ორგანიზატორები.

ახალგაზრდების აქცია, მას შემდეგ დაიშალა, რაც 2014 წლის 14 მაისს, გვიან ღამით, შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა.

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეფორმების განსახორციელებლად, "თეთრი ხმაურის მოძრაობამ''  მალევე კანონპროექტი შეიტანა, თუმცა მისი განხილვა ერთი წელია შეჩერებულია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში