გადაყენებულ მინისტრს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ

14 მაისი 2019, 12:49 1899 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ხვალ, 15 მაისს, პარლამენტში მოუსმენენ. გიორგი ქობულია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა ნაწილის მოთხოვნით მიდის. 

დათხოვნილი მინისტრის ეკონომიკურ ხედვებზე მოსაზრებებს კანონმდებლები, პლენარული სხდომის ნაცვლად, კინოდარბაზში მოისმენენ. 

ლევან კობერიძემ, რომელმაც უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დატოვა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს მოსთხოვა. 

''ვისაც დააინტერესებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საქმიანობა, ასევე მისი ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ხვალ მოისმენს. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც, იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ბევრი კითხვაა დაგროვილი. გიორგი ქობულია პრეზენტაციასაც წარმოადგენს.

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს ვთხოვ, გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი არის მაღალი, დასწრებაც შესაბამისი იქნება, ამიტომ  უზრუნველყოს ღონისძიების ორგანიზება. ყველაფერი ისე უნდა ჩატარდეს, როგორც პარლამენტს შეესაბამება. ყველას უნდა ქონდეს დასწრების საშუალება'' - თქვა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

შეხვედრა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან, პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 18 აპრილს გადააყენეს. გათავისუფლების შემდეგ  გიორგი ქობულიამ თქვა, რომ ის წასვლას არ აპირებდა. 

''ჩემი წასვლის რეალური მიზეზი ზუსტად ის არის, რომ იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, თანხვედრა არ გვქონდა,'' - უთხრა ფორბსის კვირის წამყვანს გიორგი ისაკაძეს.

ქობულია უწყებას 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში იგი არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში და გახდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი -  გამონათქვამებით, ლარის კურსზე, საპენსიო ფონდზე და საბანკო რეგულაციებზე. 

''არ გვჭირდება ხალხი, რომლებიც კრედიტს მიიღებენ იმისთვის, რომ მაცივარი იყიდონ და შავ სიაში მოხვდებიან მერე'' - ბოლო აჟიოტაჟი სწორედ ამ ფრაზას მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში