საქართველო კანის 72-ე კინოფესტივალზე 

13 მაისი 2019, 16:45 2142 ნახვა

ეროვნული კინოცენტრი, კანის კინობაზრობაზე ქართული პავილიონით უკვე ​ მეთორმეტედ წარსდგება (#103, Village International Riviera). 

კინოფესტივალზე, 55 წლის შემდეგ, ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი”, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო. 

ქართველი რეჟისორების ნამუშევარი, "კანის კლასიკოსების" სექციაში მილოშ ფორმანის, ოლივერ სტოუნისა და სხვა ლეგენდარული რეჟისორების ფილმებთან ერთად მოხვდა. პრემიერას კანში რეჟისორი ელდარ შენგელაია, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად დაესწრება. 

კანში გაგზავნამდე, „თეთრი ქარავანი“ ეროვნულმა არქივმა კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე, ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად, გაკეთდა მისი ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. 

ფილმი, კინოცენტრის ფონდში წელს დაბრუნდა, იგი ქართულ მხარეს, "ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების" პროექტის ფარგლებში გადმოსცეს. ფილმი ამ დრომდე "გოსფილმ ფონდში" ინახებოდა.

კანის ფესტივალზე ასევე ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი სიხარულიძე სრულმეტრაჟიან ფილმს - “პანოპტიკონსაც” უჩვენებენ, კინოსესია 16 მაისს გაიმართება. 

კანი Producers Network-ის ქართველ პროდიუსერს – ლადო ჩიხრაძეს უმასპინძლებს. 

ასევე, Market Screening-ზე, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები და დისტრიბუტორები უტა ბერიას ფილმს - “უარყოფით რიცხვებს” ნახავენ. 

კინოცენტრის ინფორმაციით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები სანდენის, ტოკიოს, ლოკარნოს, ვარშავის, კარლოვივარის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. 

19 მაისს, კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად ქართული წვეულება გაიმართება. კინოფესტივალი, საზეიმოდ 14 მაისს გაიხსნება და 25 მაისამდე გაგრძელდება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი