ვიდეოთვალის ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ტაქსის მძღოლებმა დღეს, ბათუმში ჯერ საპროტესტო მსვლელობა, შემდეგ კი აქცია გამართეს.
ისინი ამბობენ, რომ იგეგმება რეგულაციების გამკაცრება, პარლამენტარებს კი მოუწოდებენ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.
ტაქსის მძღოლებს კონკრეტული პრეტენზიებიც აქვთ, რომელიც ვიდეოთვალით დაფიქსირებული დარღვევის დროს, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემიდან, ქულების ჩამოჭრას უკავშირდება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდეოთვალი მძღოლის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს და მხოლოდ კანონდამრღვევის ავტომობილის ნომერს აფიქსირებს.
''შესაძლოა ჩემი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი მეგობარს ან ოჯახის წევრს ვათხოვო და თუ ის მოძრაობის წესებს დაარღვევს ქულები მე დამაკლდება. ეს არასამართლიანი მიდგომაა. მოვითხოვთ იდენტიფიცირება მოხდეს საგზაო წესების დარღვევის დროს ვინ იჯდა საჭესთან. ვინაიდან არის შემთხვევები როდესაც მანქანას სხვა მართავს და სხვას აჯარიმებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს მივმართავთ კანონში ცვლილება შევიდეს. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტუალური იყო კანონის გამკაცრების საკითხი. ვფიქრობთ, რომ ეს ლოგიკას მოკლებულია'' - უთხრა მაუწყებელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტაქსის მძღოლები ასევე, ქუჩებში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ აუცილებელია სკოლებთან, ბაღებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან ფეხით მოსიარულეთა სპეციალური გადასასვლელები ანუ ხიდები დამონტაჟდეს.
მძღოლებმა დღეს ქალაქში სიმბოლური მსვლელობაც მოაწყვეს.