ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, თუმცა სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. ადვოკატის განცხადებით, ისინი მზად არიან მივიდნენ გამოკითხვაზე და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ადვოკატი დარწმუნებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის უდანაშაულობაში. სუს-ში გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია ავთენტურობის დადგენას ითხოვს, მმართველ გუნდში კი შეშფოთებულები და გამოძიების დასრულების მოლოდინში არიან.