სუსი: მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს გეგმავდა - უწყების ბრალდებებს მაჩალიკაშვილის ოჯახი პასუხობს

07 მაისი 2019, 21:00 1323 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს  ტერორისტული აქტის ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებს. მათივე ცნობით ეს ჩანაფიქრი აღკვეთილია. ნინო გიორგობიანმა ისაუბრა დრეს გამოძიების დეტალებზე.  სამსახურის ცნობით, გამოკითხეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც სუს-ის მტკიცებით, გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიო-ჩანაწერიც გაავრცელა, რომელშიც სუს-ის მტკიცებით „ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.“ სამსახურში ამტკიცებენ, რომ უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე — იოსებ გოგაშვილზე. სუს-ი მიუთითებს მალხაზ მაჩალიკაშვიის გამოკითხვაზე არგამოცხადების თაობაზეც, აღნიშნავენ, რომ მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 

ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს  მალხაზ მაჩალიკაშვილი, იგი დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან არსებულ კარავში იმყოფებოდა.  ამბობს, რომ ყველა მეთოდს იყენებენ მისი განადგურებისთვის. მაჩალიკაშვილი თვეებია შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეწირა. გუშინ დაანონსდა რომ ამ საქმეზე გამოძიება 2 თვეში დასრულდება. როდის დასრულდება დღეს გასაჯაროვებული საქმის გამოძიება ეს უცნობია - დეტალებზე ვერ საუბრობს მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი, იგი სუს-ის შენობიდან უკვე გამოვიდა. მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საქმე გასაიდუმლოებულია,  მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი კი არ არსებობს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში