''დაიცავი ბათუმის'' წერილი ბიძინა ივანიშვილს - "ვთხოვთ, მისმა პარტიამ დაიცვას კანონი"

06 მაისი 2019, 14:06 2148 ნახვა

საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ბათუმი, რომელიც რამდენიმე თვეა აპროტესტებს ბათუმის ისტორიულ ზონაში, სანაპიროზე 6 ცათამბჯენის მშენებლობას, ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია და ის პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება იღებს. ასევე, მოქალაქეებს ამბობენ, რომ კომპანიას, რომელიც 6 ცათამბჯენის აშენება სურს ბათუმის ისტორიულ კონცხზე - რივიერაზე,  პროექტისთვის ასეულობით მილიონი ლარის დაფინანსებას თანაინვესტირების ფონდიდან იღებს, ეს ფონდი კი, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. 

"ბათუმელები ვითხოვთ მმართველი პარტიის ლიდერისგან, რომ კანონი დაიცვას იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც თანამდებობებზე მოხვდნენ იმ პარტიის სახელით, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი. კანონი კი ამბობს, რომ სპეციალისტების და მოქალაქეების ხმა, ქალაქის დაგეგმარების დროს, გადამწყვეტი უნდა იყოს. ქალაქი ამბობს, რომ არ უნდა ისტორიული ქალაქის ჩაბეტონება და არ უნდა ქალაქსა და ზღვას შორის, ერთადერთ თავისუფალ სივრცეში აღმართოს 6 ცათამბჯენის კედელი. სპეციალისტები თავის მხრივ ამბობენ, რომ დაუშვებელია რივიერაზე ამ მასშტაბის მშენებლობა, რადგან კონცხი ისტორიული ზონაა და მისი განაშენიანება ამ ფორმით არ შეიძლება, უფრო მეტიც კრიმინალია. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ მისი პარტიამ დაიცვას კანონი. ჩვენ ვხედავთ, რომ ფონდი ქართუ დიდ ფულს ხარჯავს და ბათუმში ერთეული კულტმემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე, თუმცა ეს ფული ფუჭად იქნება გადაყრილი, თუ ქალაქი დაკარგავს ისტორიას, მთლიანად არ მოხდება ისტორიული ქალაქის შენარჩუნება და სწორად დაგეგმვა. ტურისტულადაც დაკარგავს მომხიბვლელობას, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ტურისტები არ მიდიან პატარა ქვეყნებში ცათამჯენების სანახავად, ქალაქის ისტორიის გასაცნობად მიდიან, იმ ქალაქებში მოსწონთ, სადაც ადგილობრივები კომფორტულად ცხოვრობენ და ქალაქს ისტორია აქვთ, დიახ, კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია" - განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ. ის ამბობს, რომ ქალაქის მერიამ თავიდან აღარ უნდა დაიწყოს კვლევების ჩატარება და დამატებით დახარჯოს თანხა, რადგან სპეციალისტებმა არაერთგზის თქვეს ამ ადგილის ისტორიულობის შესახებ და შესაბამისი კვლევებისთვის გადაიხადა თანხა მერიამ. 

ჩვენ მას ვთხოვთ, რომ მისმა პარტიამ დაიცვას კანონი

 

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე დღეს გავრცელდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად: 

"ბატონო ბიძინა,

ბათუმელი მოქალაქეები მოგმართავთ და გვინდა ამ ქალაქის საზოგადოების ხმა მოგაწვდინოთ ''ბათუმი რივიერას'' პროექტთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროექტს ახორციელებს კომპანია ''სილქ-როუდ ჯგუფი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით. სწორედ ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც.

გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა თქვენამდე არ მოაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ მოვლენებისა და ფაქტების შესახებ, რაც „ბათუმი რივიერას“ განაშენიანებას უკავშირდება. კერძოდ, რატომღაც უარყოფილია და არ იზიარებენ ქართველი მეცნიერების, მკვლევრებისა და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნებს ბათუმის ისტორიული ზონის შესახებ; ცინიკურად არის იგნორირებული ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და პროტესტი „რივიერაზე“ 6 ცათამბჯენის მშენებლობის  პროექტთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევთ და მცირე მიმოხილვას გავაკეთებთ:

„ბათუმი რივიერად“ წოდებული სივრცე, ქალაქის ისტორიულ ცენტრად ითვლებოდა და ითვლება. ამ კონცხიდან იცავდნენ ქალაქს მომხდური მტრებისგან, აქ აშენდა პირველი საფორტიფიკაციო შენობები, უნიკალური ''მიხეილის ციხე-სიმაგრე'', ორი საუკუნის წინ,  სწორედ აქ დაირწა ჩვენი ქალაქის პირველი აკვანი, ამ კონცხიდან დაიწყო ბათუმის განვითარება და აღმშენებლობა... ეს ღია სივრცე ქმნიდა იმ ფონს, რასაც ბათუმის ევროპული განაშენიანება მოჰყვა შედეგად. აკი, ქალაქის კლასიკური, ისტორიული ცენტრის საერთაშორისო, მეცნიერული განმარტებაც ასეთია – ''ქალაქის ისტორიულ ცენტრად იწოდება ქალაქის ნაწილი, საიდანაც აღმოცენდა ქალაქი და რომელიც განლაგებულია ქალაქის დამცავი სივრცის (კედლის) ფარგლებში''.

ეს კონცხი იყო და არის ჩვენი ქალაქისათვის საჯარო სივრცე (დღეს უკვე არამხოლოდ მთავარი, არამედ ერთადერთიც), რომელიც სტრუქტურულად ერწყმის ქალაქს, უზრუნველყოფს მის მთლიანობასა და იდენტობას; ქალაქისა და ქალაქის მცხოვრებთა ზღვასა და ქალაქის გარე სივრცესთან ბმას განაპირობებს.

ბატონო ბიძინა, ჩვენ კარგად გვაქვს გათავისებული, რომ, დიახ, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ის, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ანუ ტურისტების მასპინძლებისთვის უნდა იყოს კომფორტული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი თავის ხალას სულს დაკარგავს, ადამიანები კი – თავიანთი ქალაქის განცდას და მასთან იდენტობას. შესაბამისად, სტუმრებსაც უხალისო, უსულო ქალაქი დახვდებათ, რადგან გამქრალი და ისტორიულ წარსულ, აწმყოდანგრეული ქალაქი არაგვგონია მიმზიდველი იყოს ტურიზმისთვის.

 

აგრეთვე, ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული კერძო ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებაში. მაგრამ ეს ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქისა და საზოგადოების განვითარების ინტერესებს. ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა დაპირისპირების ეს ეტაპი და მოახერხა ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესების დაახლოება, მეტ-ნაკლებად ჰარმონიული თანაცხოვრება. დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს მსგავსი რესურსი და მზაობა ამ ჰარმონიის მისაღწევად. ამისათვის მხოლოდ ნებაა საჭირო.

ჩვენთვის, როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ფონდი „ქართუ“ ახორციელებს ბათუმის ცალკეული ძეგლების აღდგენა–რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით ხარჯავს დიდ თანხას, თუმცა ეს ძალისხმევა ფუჭი იქნება ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და ლანდშაფტის შენარჩუნების გარეშე.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო, ზედაპირულმა, თავნება გავლენიანმა ჯგუფებმა, ფასადური განაშენიანებისა და პიარისთვის ისტორიული ნაგებობები უკვე დაანგრიეს წლების წინ. დღეს კი, მის გადარჩენილ ფრაგმენტებს, ინვესტორი ირონიულად უწოდებს  ''მიწის ლაქას'' და ''მინდორს'', ვგულისხმობთ „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიას.

ჩვენთვის ეს ''მიწის ლაქა'' ჩვენი ქალაქი და მისი ისტორიაა... ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დღეს ისევ გაგრძელდებოდა ჩვენი ქალაქის ისტორიის განადგურება. მცირე დათმობების გარეშეც კი, იგნორირებული იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და თხოვნა–მუდარა... დაეტოვებინათ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი სივრცე.

ვწუხვართ, სიტყვა გაგვიგრძელდა, თუმცა გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ვთქვით.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“

საზოგადოება ''ბათომი'' და ''დაიცავი ბათუმის'' წერები ითხოვენ, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დამტკიცდეს ისტორიული დაცვის ზონა, რომელშიც შევა რივიერას ტერიტორია, რაც  მათი მტკიცებით ცათამჯენების მშენებლობას მაგ ადგილზე გამორიცხავს. 

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი