„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას აძვირებს. პირველი ივლისიდან მოქალაქეებს ბილეთების ყიდვა სეზონურად გაზრდილი ფასის მიხედვით მოუწევთ. უწყების მგზავრთა საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებლის ბიზნეს-კლასით მგზავრობის ღირებულება, 35-ის ნაცვლად, 99 ლარი გახდება.
მათივე თქმით, პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 25-დან 60 ლარამდე იზრდება. ცვლილება შეეხება მეორე კლასსაც: მგზავრობა აქ 6 ლარით გაძვირდება და 18-ის ნაცვლად 24 ლარი ეღირება.
ცვლილება ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელსაც შეეხება. პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 25-დან 40 ლარამდე მოიმატებს, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი, დღის მატარებლის მსგავსად, 18-ის ნაცვლად, 24 ლარი გახდება.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მოქალაქეები პირველ ივლისამდე არასეზონური ფასებით, ანუ ფასდაკლებით სარგებლობენ. სამ დღეში კი სეზონური ფასები ამოქმედდება. ტარიფები ძალაში, სავარაუდოდ, 15 სექტემბრამდე დარჩება.