ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან წინა სხდომაზე, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები დახურა.
დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს დეკანოზის ორი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი დაესწრება. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 19 მაისის სხდომიდან ადვოკატები სასამართლოს უპატივცემულობის გამო იყვნენ გაძევებულები და, შესაბამისად, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის აღნიშნული განკარგულება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ვრცელდება ინფორმაცია რომ სხდომას ბრალდებული დეკანოზი მამალაძეც დაესწრება. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან.