15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, კონსტიტუციური რეფორმის რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, მმართველ პარტიას, არაუგვიანეს 15 აპრილისა , საკუთარი პოზიციიის საჯაროდ დაფიქსირებას თხოვს. პარტიებმა პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძის, ასევე, “ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღემდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, მუშაობის პროცესში, ოპოზიციური პარტიების წინადადებები და შენიშვნები არ გაიზიარა. მათ შორისაა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და პარლამენტის ერთიანი პროპორციული სიით არჩევა, ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირება, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა და იყოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება.
მიმართვას ხელს აწერენ: “ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “თავისუფალი დემოკრატები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“ და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.