რა უნდა ვიცოდეთ უვიზო მგზავრობისას?

26 მარტი 2017, 20:00 988 ნახვა

 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი / შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას წესები უნდა დავიცვათ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში,  მოქალაქის მიმართ სპეციალური სანქციები გატარდება. პირველი მოთხოვნაა  ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეუძლიათ გაემგზავრონ, რომელიც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 90 დაშვებული დღის გამოყენება კი  180 დღიდან შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე, შესაძლებელია,  90-დღიან პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რამდენჯერმე შესვლა, თუმცა  რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის სპეციალური გამომთვლელით. ევროკავშირის ან შენგენის ქვეყნებში გადაბმულად, 90 დღის ყოფნის შემთხვევაში, ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ. 
   რაც შეეხება პროცედურებს, კონკრეტული ქვეყნის  ტერიტორიაზე შესვლისას, აუცილებელია  თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს. საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ან შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება თუკი: ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას, ნასამართლევია ევროკავშირის ან შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ევროკავშირის ან შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება კონკრეტული  ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა სამი ათას ევრომდე . 
   საქართველოს მთავრობამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. 90 დღის გასვლის შემდეგ ჩვენს სასაზღვრო სისტემაში  წითელი სიგნალი აინთება და  ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, დამრღვევი პირების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა დაიწყება. ამის შემდეგ კი იმ ქევყანაშიც, სადაც პირი იმყოფება,   შიდა პროცედურებით  პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი