„სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ. შესაბამისად, ალტერნატივის სახით, ალბათ უფრო გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დავაყენებთ“, - აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი.
როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე, პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, სასამართლო ვალდებული ხდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 72 საათში, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელოს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დეკანოზს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმდეს და გათავისუფლდეს.
რაც შეეხება გათავისუფლების მოლოდინს, ადვოკატს ამაზე საუბარი უჭირს, ვინაიდან სასამართლოს დღემდე დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილებია.
24 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.