საყოველთაო ჯანდაცვა დიფერენცირებული იქნება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო დეტალების გასაჯაროებას ამ კვირაში გეგმავს. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შესაძლოა, სადაზღვევო პაკეტების მოცულობა შემოსავლებისა და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვროს. სერგეენკოს განცხადებით, შემოსავლების მიხედვით, პირველი კატეგორიას ის პირები განეკუთვნებიან, ვისაც წლის განმავლობაში 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდა შემოსავალი, - ასეთი კი, მისი ინფორმაციით 32 ათასი ადამიანია. მათი უმრავლესობა კერძო დაზღვევით სარგებლობს, თუმცა ათი ათას მოქალაქეს საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის მცდელობა ჰქონდა. გამოიყოფა 19 მიზნობრივი ჯგუფი, ისინი, ვინც ჯანდაცვის სრული პაკეტით ისარგებლებენ , მათთვის იქნება ხელმისაწვდომი წამლის კომპონენტის დაფინანსებაც. დავით სერგეენკოს განცხადებით, ცვლილებები ძალაში აპრილიდან შევა.
მსოფლიო ბანკმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მიღწევები გამოავლინა. ესენა : სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რამაც გამოიწვია სამედიცინო სერვისების გამოყენების ზრდაც, ფინანსური ბარიერების შემცირება და დაფარვის არეალის გაფართოება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებების შესახებ დეტალურ პრეზენტაციას ის კვირის ბოლომდე გამართავს.