ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გონიოს მცხოვრებელების სარჩელის განხილვა დაიწყო. გონიოელებმა მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელი ექვსი თვის წინ შეიტანეს. მათ ინტერესებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იცავს. იურისტ ანა ბერძენიშვილის თქმით, სარჩელი 70-მდე ოჯახს აქვს შეტანილი, ნაწილის საქმეს სტარსბურგის ევროპის უფლებათა დაცვის სასამართლო განიხილავს. საქმე კომისიის უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საკუთრების უფლების დაბრუნებას ეხება.
გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილობრივებს საკუთრებაში დაურეგისტრირა.
მოქალაქეები საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. თუმცა, 2010 წლის 9 ნოემბერს 36-ე საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე კომისიამ 271 მოქალაქეს მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები ერთდროულად გაუუქმა და ჩამორთმეული ქონება კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.