დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყდა

30 აგვისტო 2016, 20:00 1015 ნახვა

თურქეთის სამხედრო ეკიპაჟის გარდა გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც შეწყვიტა. 
„დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყდა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ახლა შემდგომი პროცედურები დაიწყება, რაც წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვლილებად გამოცხადებასა და ოჯახების კომპენსირებას გულისხმობს. 
თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 
გონიოში გეგმიური წვრთნების დროს ზღვაში დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის მამა ვლადიმერ შარაძე თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს, არ შეაჩერონ სამძებრო ღონისძიებები. 
"რაც დრო გადის, მით უფრო ვმწარდებით და რა გზას დავადგეთ აღარ ვიცით. გემი წავიდა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იპოვიდა ცხედრებს. თხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, არ შეაჩერონ სამძებრო სამუშაოები, გამოინახოს კიდევ რაღაც საშუალება რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები დაკარგულად არ გამოაცხადონ, გამოიყვანონ ცხედრები", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.
მისი თქმით, იაგო შარაძეს ყურის ანთება ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა და დიდი ალბათობით, მისი სიღრმეში ჩაყვანა არ იყო გამართლებული.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი