გაწმენდითი სამუშაოები ბათუმის ბულვარში

14 აგვისტო 2016, 20:00 1169 ნახვა

ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბულვარსა და სანაპირო ზოლის გასწვრივ სანდასუფთავების და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. გატანილია დამტვრეული ხეები. ამ დრომდე მიმდინარეობს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმისა და ზღვაში წარმოქმნილი შტორმის შედეგად ზიანი როგორც ქალაქის ტერიტორიას, ასევე სანაპირო ზოლსაც მიადგა.

შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში დაახლოებით 300-დან 500 მ. მანძილზე პრომინადი დააზიანა. ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი, წაღებულია რამდენიმე სკამი, წაიქცა გარე განათების რამდენიმე ბოძი, რომლებიც დილით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნაპირზე ამოიტანეს. ბოძები უახლოეს დღეებში დაუბრუნდება თავის ადგილს. გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ „ჭაობის“ დასახლების რამდენიმე ქუჩაზე სააცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებული იყო და მიმდინარეობდა ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები. ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა წვიმის გადაღებისთანავე მოხდა.
დილიდან ყველა კოლექტორი ჩვეულ რიტმში მუშაობს და გაწმენდილია ზღვაში ჩამავალი არხებიც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და დენი. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სანაპირო ზოლის გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ოქტომბრის თვის ბოლოსთვის დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროექტისთვის 12 მლ. ევრომდე დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი.“

ბათუმის სანაპიროებზე შენარჩუნებულია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შ.პ.ს. „ბათუმის წყალსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი. უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი