პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქვს დახარჯული. საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში - 8 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში ბურჭულაძის პარტიის მიერ რეკლამაზე გახარჯული თანხების ოდენობა 512 ათას ლარს შეადგენს.
ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც რეკლამაზე 345 ათასივლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 ათასი ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და 183 ათასი ლარით „პატრიოტთა ალიანსი“ მოდიან.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაზე 3 ათასი ლარი დახარჯა. რეკლამაზე აღნიშნულ პერიოდში თანხა არ დაუხარჯავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატორებს“, „ეროვნულ ფორუმს“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე ორჯერ წარმოადგინეს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 მილიონ 667 ათას ლარს შეადგენს.